ამის შესახებ დღეს დაგეგმილ პრეზენტაციაზე კახა კალაძემ და ირაკლი ხმალაძემ ისაუბრეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო, რა დროსაც 21 ათასი უკატეგორიო ლიცენზია გაიცა.
2019 წელს რეფორმა მეორე ეტაპზე გადავიდა და ძალაში შევიდა რეგულაცია — მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე, ტაქსები დაიყო ორ — A და B კატეგორიად.
A კატეგორიის ტაქსებზე განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი — თეთრი ფერი და მანათობელი ნიშანი წარწერით — TAXI თბილისი.
B კატეგორია განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალებად, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე.
დეტალები: რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას.
თუმცა შესაძლებელი იქნება ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვის უვადოდ აღება.
შეიქმნება ნებართვების ბაზარი.
შესაძლებელი იქნება ნებართვის ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა და უფლებრივად დატვირთვა, ფასიან აქტივად გადაქცევა.
და ბაზარზე იურიდიული პირების დაშვება.
ხოლო პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ ნებართვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერია A კატეგორიის უფლებას ერთ ფიზიკურ პირზე გასცემს მხოლოდ ერთხელ.
ვისზე გაიცემა ახალი ნებართვები: ყველა ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა ნებართვას.
პირველი აპრილიდან შეწყდება A კატეგორიის ლიცენზიის გაცემა.
თუმცა ის შესაძლოა, იყიდონ ან იჯარის გზით აიღონ იმ პირებისგან, ვინც საკუთრებაში ფლობს A ტიპის ლიცენზიას.
ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველი აპრილიდან ამოქმედდება ვებგვერდი Taxi.tbilisi.gov.ge და თითოეული ეს ტრანზაქცია, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ შესაძლებელი იქნება ამ გვერდზე.
როგორც ხმალაძემ განმარტა, საიტზე შესაძლებელია ყველა ოპერაციის განხორციელება და ინსტრუქციაც ხელმისაწვდომი იქნება.
ლიცენზიის აღების თანხა უცვლელი დარჩება — 100, 50 ლარი.
თუმცა მათ, ვისაც დღემდე არ აუღიათ A კატეგორიის ნებართვა, 20 მარტამდე შესაძლებელია, მიიღონ ძელი ვერსია, რათა სისტემამ შეძლოს აღქმა და ავტომატურად შეძლოს ნებართვის განახლება.
B კატეგორიის გაცემის წესები, ხმალაძის განმარტებით, იგივე დარჩება.
კალაძის თქმით, პირველი აპრილიდან ასევე შესაძლებელი იქნება A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსო ზოლში გადავიდნენ, მხოლოდ მგზავრის აყვანისა და ჩამოსმის მიზნით.
Comments